ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.
ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს პოლიტიკურად დევნილი და პატიმარი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, მნიშვნელოვანია, პარტია "საგარეო მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს".
ხაბეიშვილის თქმით, ჭიაბერაშვილს საგარეო ურთიერთობების კუთხით სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურასა და დიპლომატიურ მისიაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.
"ნაციონალურ მოძრაობაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას და შესაბამისად ამ მიმართულებით, ბატონი ზურაბი გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. ის იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში, გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში..."- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა მადლობა გადაუხადა ენმ-ს შეთავაზებისთვის და განაცხადა, რომ ის პარტიასთან ერთად მუშაობას 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით გააგრძელებს. ესენია: 1) ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება; 2) მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება; 3) უკრაინასთან საგარეო- პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.
"მადლობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც, ბუნებრივია, მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას და მეც გავიმეორებ, რომ დღეს პარტია ფოკუსირებულია, ჩემი აზრით, სამ მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას" - განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსისკენ გზაზე "წინ ეღობება ქართული ოცნება - რუსული საოკუპაციო რეჟიმი და განსაკუთრებით, მის მიერ წარმოებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და დევნა".
მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის "მთავარი წინაღობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნების გზაზე" და ამიტომ, ენმ-ის ძალისხმევა მიმართული იქნება, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ასევე სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
მესამე საკითხი კი, ჭიაბერაშვილის თქმით, უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება და უკრაინისადმი სოლიდარობაა.
"ეს უნდა იყოს ძალიან სწორი, გააზრებული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ომში გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ლიდერი და მთავარი გამწევი ძალა იმისთვის, რომ საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამიტომ ამ მიმართულებითაც იქნება ჩვენი ძალისხმევა მიმართული და პრეზიდენტ სააკაშვილის ფაქტორი ამ მიმართულებითაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი" - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.