ელჩი: უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ

ელჩი: უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად საკითხზე ერთსულოვნების არარსებობისა, უფრო და უფრო მეტი წევრი ქვეყანა აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.

ეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მან კომენტარი იმ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებსა და დეზინფორმაციაზე მსჯელობენ.

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ამის შესახებ არა ერთხელ ითქვა ლიდერების მხრიდან. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, ნუ გააკეთებთ ამას, დაგვიახლოვდით და ნუ დაგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებების იგნორირება მოახდინეს, უარესი ვნახეთ - დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებმაც სცემეს ხალხს ქუჩაში.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, თუმცა, სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა. ამ ეტაპზე, არ გვაქვს ეს ერთსულოვნება. არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები და უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.