საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოახლეობულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება - ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელზეც EU არის აგებული.
ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ თუ ქართველი ხალხი არიჩევს მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელწიფოში, სადაც აკრძალულია ოპოზიცია - არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი.
"მე ვთქვი ხმამაღლა და მკაფიოდ და გავიმეორებ: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების საფუძველზე, რომლებზეც ევროკავშირია აგებული - ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები.
ქართველი ხალხი თუ აირჩევს ისეთი მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელმწიფოში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ შეუძლიათ თავისუფლად ფუნქციონირება, სადაც არ არის მედიის თავისუფლება, ქვეყანაში, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არ არის დაცული, არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი. [...] ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2023 წელს", - თქვა ელჩმა.
მან ასევე ისაუბრა ძირითად საკითხებზე, რომლებზეც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში უკვე მეორე დღეა მსჯელობენ. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მთავარი გზავნილია, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით. ასევე, აღნიშნა, რომ არსებული ურთიერთობა EU-საქართველოს შორის "საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომელმაც განზრაზ დააშორა ქვეყანა ევროკაშირს".
"გუშინ და დღეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში და განიხილავენ ევროკავშირის წინაშე მდგარ ყველა მწვავე საკითხს. პირველ რიგში, ისინი ფოკუსირებული არიან უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. მათ შეუერთდა პრეზიდენტი ზელენსკი და ისინი განიხილავენ უკრაინის ხედვას ომის დასასრულებლად ე.წ. სამშვიდობო ფორმულის ფარგლებში. ისინი განიხილავდნენ სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში. როგორც ვიცით, ვითარება იქ მართლაც სერიოზული ხდება. ისინი ასევე განიხილავდნენ სხვა კრიზისულ ვითარებას მსოფლიოში. და სამწუხაროდ, ისინი განიხილავდნენ ვითარებას საქართველოში.
გასულ წელს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები საქართველოსთან დაკავშირებით. გთხოვთ, გადახედეთ. ეს არის ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე, 27 ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის დონეზე. მთავარი გზავნილებია, გზავნილი 1: ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სურვილს, შეუერთდნენ ევროკავშირს. მე-2 გზავნილია: არსებული მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, საგანგაშოა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომელმაც განზრახ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავისი ქმედებებით, განცხადებებით და კანონმდებლობით, საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირს, ნაცვლად იმისა, რომ ის დაეახლოებინა ევროკავშირთან", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.