საფრანგეთში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნახვას ისურვებდა, თუმცა ეს მისი "გადასაწყვეტი არ არის". ამის შესახებ მან ელჩების კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მე გამიხარდებოდა, რომ მენახა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე მე ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი", - აღნიშნა ელჩმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოწვევა არ მიუღია.
ელჩების კონფერენცია დღეს გაიხსნა, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდნენ. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ, მათ შორის დისტანციურად ჩაერთო ევროკომისარი ოლივარ ვარჰეიც.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას გასულ წელსაც არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.