ძლიერი საქართველო: ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ

ძლიერი საქართველო: ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

"რა თქმა უნდა ამ პარლამენტში ჩვენ შესვლას არ განვიხილავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს წინაშეა პარტია ლელო, რომელმაც ვაჟკაცურად 2020 წელს ჩახსნა სია და მამუკა ხაზარაძე თვითონ გავიდა პარლამენტიდან. ამიტომ, ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის - ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ", - თქვა ანა დოლიძემ.

***

პარლამენტში შესვლას არ აპირებენ: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართელოსთვის.

***

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - 53.92%
  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
  • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)

ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

  • ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
  • მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
  • მარკირების პროცედურის დარღვევა
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
  • 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
  • ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
  • მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
  • უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა

ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.

26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.

ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.

ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.

სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.

ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს.