მსახიობი და ტელეწამყვანი ანა ამილახვარი წერს, რომ ძალადობის დაგმობისა და რუსული კანონის შემობრუნების გამო გაოცებისთვის სამთავრობო ტელევიზია POSTV-დან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, დაიბარეს და უთხრეს, რომ ტელევიზიაში მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანი ვერ იმუშავებდა.
"ჩემო მეგობრებო, აღარ ვარ ტელევიზია POSTV-ის თანამშრომელი. მიმყავდა დილის გასართობი გადაცემა "პოსტ ალიონი". ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება, ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდა პრეცედენტი (მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს).
მოკლედ დაველოდე და ისე მალე მომიხმეს, გამეცინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ მე ჩემს გზაზე, ისინი თავისაზე", - წერს მსახიობი.
მისივე ინფორმაციით, ტელევიზიიდან სხვა თანამშრომლებიც გაათავისუფლეს.
"გუშინ ვიგებ, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?!" - ამბობს ის.