დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე ტრამპისთვის განაჩენი გამოცხადება ისევ გადაიდო

დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე ტრამპისთვის განაჩენი გამოცხადება ისევ გადაიდო

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოტანა კვლავ გადადო. საქმე ეხება ე.წ. გაჩუმების ფულის საქმეს, რომელშიც მაისში ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი 34 პუნქტში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისთვის სასჯელის ზომა 26 ნოემბერს უნდა გამოეცხადებინა.

ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საპრეზიდენტო იმუნიტეტის საფუძველზე და, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ განაჩენის გამოტანა მას საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებაში შეუშლის ხელს.

პარასკევს მოსამართლე ხუან მერჩანმა ყველა საპროცესო განხილვა შეაჩარა მანამ, სანამ დეკემბერში ორივე მხარისგან დამატებით არგუმენტებს არ მიიღებს. თუმცა სასამართლო ცალკე დილემის წინაშეც დგას, რადგანაც 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უნდა შედგეს.

ამ საქმეზე ტრამპის განაჩენის გამოტანა უკვე მესამედ გადაიდო. ივლისის დასაწყისში მოსამართლემ განაჩენი ორი თვით, 18 სექტემბრამდე გადადო. გადადებას ტრამპის ადვოკატები ითხოვენ, რომლებიც ცდილობენ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი გააუქმონ. შემდეგ კი გადადება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა.

ადვოკატებმა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვეს მას შემდეგ, რაც 1 ივლისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტებს ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ეხება 2016 წელს წინასაარჩევნოდ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დამალვას. პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი ამტკიცებს, რომ მას დონალდ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობები 2006 წელს ჰქონდა, როდესაც ის უკვე მელანია ტრამპზე იყო დაქორწინებული. პროკურატურის თანახმად, ტრამპმა დუმილის სანაცვლოდ დენიელსს ფული გადაუხადა, თუმცა გადარიცხვები იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. რეალურად კი, ეს თანხები დენიელსის დუმილისთვის ადვოკატ მაიკლ კოენის ხარჯებს ფარავდა. ამავე საქმის ფარგლებში კოენი 2018 წელს გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი ბრალის 34-ვე პუნქტში ცნეს დამნაშავედ. ვერდიქტის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს ორი დღე დასჭირდათ.

მანჰეტენის სასამართლო პროცესი ისტორიულია, რადგან ტრამპი გახდა პირველი ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს. სასამართლო განხილვა თვე-ნახევარი გრძელდებოდა.

ნიუ-იორკის საქმე ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ოთხი საქმიდან პირველია, რომლის განხილვაც დასრულდა და გადაწყვეტილებაც გამოტანილია.