დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს.
როგორც დოუტის განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთი ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს მხარს უჭერს.
"დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც გაერთიანებულმა სამეფომ 50 დამკვირვებელი გაგზავნა. ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, ძალზე პოლარიზებულ გარემოზე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე, მასშტაბურ დაშინებასა და ამომრჩეველთა იძულებაზე.
სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გავლენასთან ერთად, ეს არაა ღია და დემოკრატიული საზოგადოების ქმედებები და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დემოკრატიისადმი ერთგულების შემცირება უნდა შეცვალონ. ჩვენ ამ პროცესს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახლოდან დავაკვირდებით და მზად ვართ მხარდაჭერისთვის", - წერია განცხადებაში.
***
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს შედეგები ასეთია:
ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.
26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.
ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.
ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.
სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.
ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს.