აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისტორიული საქმისთვის 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეს განიხილავენ.
ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეებმა ისტორიული სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა ალტერნატიული წევრები ჯერ კიდევ უნდა აირჩიონ.
ამავე დღეს მოსამართლემ, რომელიც თვალს ადევნებდა პროცესს, გაათავისუფლა ნაფიცი მსაჯული, რომელმაც თქვა, რომ ეშინოდა, რომ ზოგიერთი პერსონალური ინფორმაცია საჯარო გახდებოდა. მოსამართლე ხუან მერჩანმა გაათავისუფლა კიდევ ერთი მსაჯული, მას შემდეგ რაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, მან წარსული კანონდარღვევები არ გაამჟღავნა.
მსაჯულების შერჩევა ორშაბათს დაიწყო. პირველი 196 მსაჯულიდან, რომელმაც შერჩევა გაიარა, თითქმის ნახევარი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ მიუკერძოებლად არ შეეძლოთ შეეფასებინათ რესპუბლიკელი პოლიტიკოსის დანაშაული ან უდანაშაულობა.
ტრამპის კრიტიკამ მოწმეების, პროკურორების, მოსამართლის და მათი ნათესავების მიმართ ამ საქმეში და სხვათა მიმართ, ასევე გამოიწვია შეშფოთება შევიწროებაზე, რამაც მერჩანს აიძულა, ინფორმაცია გაუმჟღავნებლობაზე ნაწილობრივი ბრძანება გამოეცა.
აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა.
დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა ეს შეიძლება ერთადერთი იყოს, რომლის სასამართლო პროცესი ნოემბრის არჩევნებამდე დაიწყება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს.
ნიუ-იორკის სასამართლო პროცესი 25 მარტს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტრამპის ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის გადადებით მიმართეს, რათა საქმეში ახლად აღმოჩენილი გარემოებები განეხილათ.
სტორმის დენიელსის საქმის საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპმა მისი ადვოკატის დახმარებით დენიელსს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მასთან სექსუალური კავშირის შესახებ არაფერი ეთქვა. თვითონ გადახდა უკანონო არ ყოფილა, მაგრამ პროკურორები ამბობენ, რომ ის გაფორმებული იყო, როგორც ადვოკატის ანაზღაურება იურიდიული სამსახურისთვის, რაც შტატში ანგარიშვალდებულების გაყალბებად მიიჩნევა და სისხლის სამართლებრივად ისჯება.
ადვოკატ მაიკლ კოენს აღნიშნულ საქმეზე 2018 წელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ტრამპს, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ოფიციალური ბრალი არ წაუყენეს.
გარდა ამისა ტრამპს სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმის პროცესი მაისშია ჩანიშნული, ხოლო ჯორჯიის შტატის ხელისუფლება ამ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე განხილვის დაწყებას აგვისტოში მოითხოვს.
კიდე ერთი პროცესი არჩევნების შედეგების გასაუქმებლად შეთქმულების მოწყობასა და კაპიტოლიუმზე შტურმში ტრამპის როლს გულისხმობს.