დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერჰი ლისაკის ინფორმაციით, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკში 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია.
"მტერი რაკეტებით დაგვესხა თავს. მათგან 7 საჰაერო სარდლობამ ჩამოაგდო, თუმცა არის დარტყმებიც. თავდასხმის შედეგად დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია", - წერს ლისაკი.
მან აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო საწარმო, რომელიც პავლოგრადში მდებარეობს. იქ გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
საცხოვრებელ ზონაში დაზიანდა 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ასევე 5 მაღაზია.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები დღეს, 1-ელ მაისს უკრაინას რაკეტებით დაესხნენ თავს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქებში განახორციელეს.