დღეს გამთენიისას დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა Facebook გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა მოახერხეს ერთ-ერთი ლიანდაგის გაწმენდა და მასზე აღდგენილია მოძრაობა, ხოლო სამუშაოები მეორე ლიანდაგის გასასუფთავებლად ამ დრომდე მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ." - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.