ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენების საქმეზე პირთა ჯგუფი ამხილეს. საუბარია სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - დანერგე მომავალზე.
როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიებით დადგინდა, რომ პროექტის ბენეფიციარებმა სააგენტოსგან 1 049 230 ლარი ვაშლისა და ნუშის ნერგების შესაძენად მიიღეს.
"ხსენებული თანხა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა, მათი თანამონაწილეობის თანხასთან - 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის მოწყობა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება, თუმცა კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საგამოძიებოს ცნობით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.