"დიდი ხანია ვიეტნამში ბავშვებს აღარ წამლავთ? მეც დამასანქცირეთ" - უვადო მოსამართლე აშშ-ს

"დიდი ხანია ვიეტნამში ბავშვებს აღარ წამლავთ? მეც დამასანქცირეთ" - უვადო მოსამართლე აშშ-ს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ანტიდასავლურ კომენტარს წერს მისი კოლეგის ლევან თევზაძეს Facebook-პოსტის ქვეშ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეთა ე.წ. კლანის მიმართ სანქციების დაწესებას ეხება.

კაკაბაძე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს. მისი აზრით, ბევრ ქვეყანაში "ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება".

"ლევან არ შეიძლება არ დავეთანხმო შენს მოსაზრებებს მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ის ერთ-ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ ("Somoza may be a son of a bitch, but he's our son of a bitch."). ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა აშშ-ის ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.

ცივი ომის "საუკეთესო ტრადიციების" სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება, რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.

პ.ს. დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!? იმედია, მეც დამასანქცირებთ!!! პატივისცემით, ვლადიმერ კაკაბაძე", - წერს უვადო მოსამართლე Facebook-ზე.

მანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ლევან თევზაძემ Facebook-ზე დაწერა: "ვინმეს თუ ჰგონია, სანქციები შეგვაშინებს, ძალიან მწარედ ცდება".

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.