დღეს, 24 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.
პირველი აქცია-მსვლელობა 15:00 საათზე დაიწყება. ორგანიზაციებმა ქალთა მოძრაობა და საფარი ქალთა მარში დააანონსეს, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივლენ. ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ სიმბოლურად თან იქონიონ ჩემოდნები ან ჩანთები.
"გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე. ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის (კოალიცია ცვლილებებისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველო, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, პარტია საქართველოსთვის) ორგანიზებით, გელით ქალთა მარშზე. მარში დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით. გელით! ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო", - წერია ღონისძიების ანონსში.
ქართულ ოცნებასა და არჩევნების შედეგებს პროტესტს ხელოვანებიც უცხადებენ. კულტურის მარში 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან დაიწყება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ.
"ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი. ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება", - წერია ანონსში.
ამავე, 17:00 საათზე პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიაუნისთან დაიწყება - მსვლელობის მონაწილეები სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად თსუ-სთან მივლენ.
21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივლენ და იქ ღამეს გაათევენ.