დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. მიზანი რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებაა.
კლინიკის თანამშრომლების თქმით, პროცესი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს, არასამართლიანია. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს.
თითქმის ერთი კვირაა, რესპუბლიკური პერსონალი საავადმყოფოს რეორგანიზების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. რეორგანიზაციისთვის 5-დან 15 თებერვლამდე პერიოდია განსაზღვრული. სწორედ ეს დრო აქვთ დასაქმებულებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დაითხოვენ. რეორგანიზაცია საავადმყოფოს 650 თანამშრომელს შეეხება.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".
მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით".