ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დღეს ბათუმის პორტში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტს "ქაჯური" უწოდა.
იმედის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რას აპირებს ხელისუფლება ოპონენტების მხრიდან ღალატში დადანაშაულების საპირისპიროდ და მათ შორის დღეს ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების შემოსვლის ფონზე იმ განცხადებების წინააღმდეგ, რომ ხელისუფლება "რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას ეწევა".
"მე ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო. რასაც ხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის, უბრალოდ, ქაჯობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს" - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რუსეთი ყველა წინა ომში აგრესორი იყო, მაგრამ ქვეყანას პრობლემები, მათ შორის "იმ ქაჯობის შედეგად" ექმნებოდა, რომელიც, კობახიძის თქმით "ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა".
"ჩვენ ხშირად ვიხსენებთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო რუსეთი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს, მათ შორის, იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა." - განაცხადა კობახიძემ.
ოცნების თავმჯდომარის აზრით, "არა ქაჯური", არამედ "პრაგმატული პოლიტიკა" გვჭირდება, რათა საქართველოში მშვიდობა იყოს.
"ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება" - განაცხადა კობახიძემ.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო, ბათუმის პორტში დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ლაინერს სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც გადაჰყავს. ის აჭარაში მთელი დღით დარჩა და ბათუმის პორტი საპროტესტო აქციის ფონზე საღამოს 9 საათისთვის დატოვა.
ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და სამზარეულოს გაცნობას სთავაზობდნენ.
კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.
Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.