დღეს მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართება

დღეს მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართება

დღეს მეფე ჩარლზ III-ის და დედოფალ კამილას კორონაცია გაიმართება. გრანდიოზული ცერემონია, რომელსაც ასობით სტუმარი დაესწრება და ათასობით ადამიანი გარედან მიადევნებს თვალს, უესტმინსტერის სააბატოში ჩაივლის.

ჩარლზ III მესამე მეფე დედის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ გახდა. კორონაცია კი მისი მონარქის კურთხევის ოფიციალური სახეა. უესტმინსტერის სააბატოში მონარქების კორონაციის ღონისძიება 1066 წლიდან იმართება.

ლონდონის ქუჩების გარკვეული ნაწილი რამდენიმე დღეა გადაკეტილია, ასევე ბარიერებია აღმართული იმ მარშრუტზე, რომელიც მეფემ და დედოფალმა კონსორტმა უნდა გაიარო ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატომდე. ჩარლზი იქნება პირველი მონარქი, რომელიც თავისი კორონაციის დროს ხმამაღლა ილოცებს.

კორონაციას დაესწრებიან როგორც სამეფო ოჯახის წევრები და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, პარლამენტის წევრები, მსოფლიო ლიდერები და მიწვეული სტუმრები. ცნობილია, რომ კორონაციას დაესწრება სასექსის ჰერცოგი ჰარი თუმცა მისი ცოლი, მეგან მარკლი აშშ-ში შვილებთან ერთად რჩება.

მიუხედავად ისტორიული მოვლენისა, ბევრი დავობს ამხელა მასშტაბის ღონისძიების აუცილებლობაზე და კრიტიკას გამოთქვამს იმის გამო, რომ გადასახადების გადამხდელების მილიონობით ფუნტი მდიდრულ ცერემონიაზე იხარჯება, როდესაც მილიონი ბრიტანელი ფინანსურ კრიზისშია.

კორონაციის ცერემონია ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება. ცერემონია ღრმად რელიგიური ღონისძიებაც იქნება, რადგან ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ ჩარლზ III არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსა და 14 ქვეყნის ხელმძღვანელია, არამედ ანგლიკანური ეკლესიის მეთაურიც.