დღეს, აშშ-ში კონგრესის პირველ სხდომაზე მეგობარი აქტის რეინიცირება იგეგმება - ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესის განახლებული შემადგენლობა განიხილავს.
ამასთან, კონგრესის პირველივე სხდომაზე მეგობარი აქტის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით 2 კანონპროექტს წარადგენს.
ამერიკის კონგრესის ახალი შემადგენლობა დღეს პირველი სხდომისთვის ემზადება - თბილისის დროით 20:00 საათზე ამერიკელი კანონმდებლები ფიცს დადებენ და მუშაობას ორპარტიულად დაიწყებენ.
მეგობარი აქტი ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე უილსონმა, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, გასულ წელს, რუსული კანონის მიღებისა და ენტონი ბლინკენის მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად წარადგინა.
აქტი ორპარტიულია და ითვალისწინებს, როგორც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას.