დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ფორმულასთან ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის დასჯა მონობაში დარჩენაა და არა ეკლესიიდან წასვლა.
დეკანოზი ამბობს, რომ მას არ მოეწონა სტალინის ხატი სამების ტაძარში. მისივე განცხადებით, ყურმოჭრილი მონა არ არის, ყველას ყველაფერში ბრმად დაეთანხმოს.
დეკანოზი საუბრობს მის და მისი ოჯახიის წინააღმდეგ მუქარებზეც.
"ჩემი განცხადებები ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაცებს არ ვეთანხმები. კონკრეტული ადამიანის სუბიექტურ გადაწყვეტილებასთან შეიძლება, მე მქონდეს პრეტენზია და მე მაქვს ამის უფლება. მე ხომ ყურმოჭრილი მონა არ ვარ, ბრმად ყველას დავეთანხმო ყველაფერში? მე მომეწონა თუ არა ის, რომ ხატზე სტალინი იყო გამოსახული, ცალსახად არ მომეწონა და ეს ჩემთვის არ არის დოგმა.
ეს რომ სადამსჯელო ღონისძიება არ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, ეს განცხადება გაკეთდებოდა? ლანძღვა, გინება, პირადში მუქარა, საოცარი წერილების გამოგზავნა მოქალაქეებისგან, რომლებიც თითქოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით ძალიან დიდ იმედს იტოვებდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოხდება პეტრე კოლხის ლიკვიდაცია, თუ რაღაც ბოდვა. ჩემთვის დასჯა არ არის თუნდაც ეკლესიიდან წასვლა, ჩემთვის დასჯა არის მონობაში დარჩენა", - თქვა მან.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც პატრიარქ ილია მეორეს შუამდგომლობით მიმართეს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.
განცხადების თანახმად, "მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული".