დეკანოიძესა და გოცირიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს

დეკანოიძესა და გოცირიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას და რომან გოცირიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს.

"როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოს განმარტა, მე და ბატონ რომანს, ამ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ", - თქვა დეკანოიძემ.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ განმარტა, საარჩევნო ბლოკით გასულ დეპუტატებს, რომელთა ყოფილ პარტიასაც აქვს ფრაქცია პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფს ვერ შექმნიან.

"ძალიან უცნაურია, როდესაც სხვა ადამიანებს და სხვა დროს მიეცათ მსგავსი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საშუალება, როდესაც ეს მათ აწყობდათ. იგივე, "ხალხის ძალა" მაქვს მხედველობაში", - ამბობს დეკანოიძე.

4 მაისს, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, რომ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს [ევროოპტიმისტები] ქმნიან. ამის შესახებ მათ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.