ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მამამისი პენსიონერია, მაგრამ "ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს".
"კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერმინისტრად გყავდათ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მის პენსიონერ მამას მილიონები აქვს და ამ დროს, თვითონვეა ორჯერ გაგდებული ზუსტად კორუფციის გამო თანამდებობიდან", - თქვა დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერულ რეისში ღარიბაშვილის მამამ 109 500 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფნისას ხელფასის სახით 45 104 ლარი აიღო.