აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები, ინფორმაცია, კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია. ამ პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების შესახებ, შეერთებული შტატების კანონმდებლობით ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ ეს სავიზო სანქციები. ეს ეხება შეერთებული შტატების კანონს, ეს ეხება იმას, თუ ვის აქვს უფლება, შევიდეს აშშ-ში.
თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს გადაწყვიტოს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით თავისი, საკუთარი გამოძიების დაწყება საქართველოს კანონმდებლობით, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა წარმოაჩინონ საქართველოს ერთგულება კორუფციასთან ბრძოლაში, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს დაცვის კუთხით. ეს არის ის, რაზეც ამ მთავრობამ, ამ მმართველმა პარტიამ აწარმოა კამპანია 2011 და 2012 წლებში: კორუფციისგან მართლმსაჯულების გაწმენდა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა. [ამჟამინდელი ხელისუფლება] აკრიტიკებდა კიდეც ზოგიერთ ამ პიროვნებას.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამის შესახებ გამოცემა ნეტგაზეთთან ისაუბრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლისთვის სანქციის დაკისრების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის ელჩს შეხვდა. დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო"