დეგნანი საგამოძიებო კომისიაზე: იმედი მაქვს, პარლამენტი ამ ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებს

დეგნანი საგამოძიებო კომისიაზე: იმედი მაქვს, პარლამენტი ამ ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოქალაქეებს მეტად ინფორმირებაში დაეხმარება.

დეგნანის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს ამ ინსტრუმენტს.

"საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი პარლამენტში, რომელიც ემსახურება იმას, რომ კონკრეტულ საკითხებზე, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი დიდია, არსებობდეს მეტი ინფორმაცია, ჩატარდეს მოკვლევა, რათა საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული და ეს ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მექანიზმი, რომელიც ბევრ სხვა პარლამენტში გამოიყენება. ასევე გამოიყენება აშშ-ის კონგრესი და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომლებიც მათ შექმნეს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს დეგნანი.

***

ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩააგდო. კომისიის შექმნას ოპოზიცია ითხოვს, თუმცა ოცნება ამ ინიციატივას არ იზიარებს.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია სამჯერ არ გაიარა, რის გამოც კენჭისყრა ვერ შედგა.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 და 20 აპრილსაც მიმართეს.

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივას "მოსამართლეების სოლიდარობის" ნიშნად არ იზიარებენ.

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.