ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს და აღნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებაზე ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ უნდა ისაუბრონ.
ამასთან, დათუნაშვილი ამბობს, რომ ძლიერი საქართველო პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ქართული ქარტიის ერთგულია.
"ძლიერ საქართველოში ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ძალისხმევას, რომელსაც პრეზიდენტი იღებს ახლა, იმისთვის რომ ოპოზიცია გააერთიანოს და იმისთვის რომ ევროინტეგრაციის რელსებზე დააბრუნოს ეს ქვეყანა. ეს ძალისხმევა ჩვენთვის დიდად პატივსაცემია. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ქარტიის ერთგულები. დღეს, ძლიერი საქართველოს მთელი ძალისხმევა მომართულია ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე 26 ოქტომბრის არჩევნებში.
მიგვაჩნია, რომ სწორი იქნება არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეები თავის პოლიტიკურ გემოვნებას დააფიქსირებენ და გამოხატავენ თავის არჩევანს, ამის მერე სწორი იქნება ვილაპარაკოთ კონკრეტიკაზე თუ ვინ უნდა იყოს მთავრობის შემადგენლობაში და ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს ამ მთავრობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი მათ შორის. საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ არჩევნებზე მისვლით.
ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი იქნება კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება მას შემდეგ, რაც არჩევანი უკვე გაკეთებული იქნება", - თქვა დათუნაშვილმა.
***
12 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქართული ქარტიის ფარგლებში ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პარტიებმა, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს, კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ თავიანთი მზაობა და თქვან ეთანხმებიან თუ არა ქარტიის ამ პუნქტს: "ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ უკან წაიღონ ხელმოწერა".
პრეზიდენტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა კოალიაცია ცვლილებისთვის და აღნიშნა, რომ ქართული ქარტიით გათვალისწინებული შეთანხმებების ერთგულია. პოზიცია ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამაც დააფიქსირა და თქვა, რომ ტექნიკური მთავრობის წარდგენა "პრეზიდენტის პრეროგატივაა და ქართული ქარტიის ერთგულნი არიან". რაც შეეხება პარტიას გახარია საქართველოსთვის, მისი წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ "ტექნიკურ მთავრობაზე - დავუშვით პოლიტიკური კომპრომისი... დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია - როგორ წარმართავს პროცესს. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით და პროცესში დარჩენა ნიშნავს, რომ ეს პროცესი ქარტიის ირგვლივ არის შექმნილი".