რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.
რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ცნობით, აუდიენციის დასაწყისში პუტინმა ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევა მიულოცა.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ "ყურადღებით წაიკითხა" მათი წინადადებები "უკრაინის მწვავე კრიზისის დასარეგულირებლად" და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს "ამის განხილვის შესაძლებლობა იქნება".
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ "ჩინური მხარე ძალიან აფასებს რუსეთთან ურთიერთობას".
"მომავალ წელს თქვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პრეზიდენტის მტკიცე ხელმძღვანელობით, რუსეთის განვითარებამ და კეთილდღეობამ სწრაფი პროგრესი განიცადა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი აუცილებლად გააგრძელებს ბატონ პრეზიდენტის მხარდაჭერას"- თქვა სი ძინპინმა.
სი ძინპინი მოსკოვში დღეს ჩავიდა და მისი ვიზიტი სამი დღე გაგრძელდება. ოფიციალური შეხვედრა პუტინთან 21 მარტსაა დაგეგმილი.
სი ძინპინი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც პუტინთან შეხვედრებს მართავს მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუდიენციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოფიციალური კიევი ჩინეთისგან ომის შესაჩერებლად მოსკოვზე გავლენის გამოყენებას ელის.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში შეაფასა, როგორც "რუსეთის დანაშაულების დიპლომატიური დაფარვა".
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს. ამასთან, გამოცემა მიუთითებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებსაც ეწვიოს, თუმცა ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.
მედიის განცხადებით, ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს შედგება, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პეკინის მცდელობაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელის როლი ეთამაშა, რასაც ევროპაში თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდნენ.
გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება - გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.
ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება:
ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე.