საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ბოლო 1 წელში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის შესახებ ხელისუფლების ანგარიში გადასცა.
ანგარიშში ევროკავშირთან დაახლოების მიზნით საქართველოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ღონისძიებებზეა საუბარი.
ეს ევროკომისიისთვის განკუთვნილი დოკუმენტია, რომელიც 35 თავისგან შედგება. ის გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული პირველი ანგარიშია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკავშირის მოთხოვნით დაიწყო. ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია საქართველოს, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს შეაფასებს.
ევროკომისიის შეფასების ანგარიში 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება, მის საფუძველზე ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავს.
ფორმულამ ანგარიშის მიწოდების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა სამინისტროს თქმით, დოკუმენტი საჯარო არ არის.
საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დოკუმენტი ასახავს ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და იმ მთავარ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ამ პროცესში გადადგა.
„ამ დოკუმენტში მთლიანად ასახულია კონკრეტული ნაბიჯები, რეფორმები, რომლებიც საქართველომ გადადგა 2022 წლის მაისის შემდეგ და რომელიც ნაწილია იმ გენერალური აქტივობის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ზოგადად ევროინტეგრაციის მიმართულებით და რაც იქნება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმი საბოლოო ჯამში იმისთვის რომ ოქტომბერში ევროკომისიამ საბოლოოდ მიიღოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, ანგარიშის შესახებ კონსულტაციები გაიარეს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. მისი თქმით, ახლა ევროკომისია დაიწყებს შეფასების ანგარიშის მზადებას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეცემათ და საბოლოოდ დეკემბერში „მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე“.