საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პირველად ეხმაურება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და აცხადებს, რომ ეს ერთადერთი გზაა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები დაირღვა.
"მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს ამ წუთას ვერ დავინახავდი - კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები.
რაც შეეხება დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, ფოკუსირებული ვართ 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ვართ ოპტიმისტურად", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.