საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმ 4 პრიორიტეტზე ისაუბრა, რომელზეც საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს.
სენატში სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატების მოსმენისას დანიგენმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად იმუშავებს, რათა საქართველოს ევროკავშირში, NATO-სა და დასავლეთში ინტეგრაციაში დაეხმაროს.
მისი თქმით, აშშ-ს სურს დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საკუთარი საზღვრების დაცვა და რუსეთის "მავნე ქმედებებისადმი" წინააღმდეგობის გაწევა შეეძლება.
დანიგენის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პროგრესის მიუხედავად "ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი".
ელჩობის შემთხვევაში, დანიგენი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს დაუჭერს და პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.
რობინ დანიგენის სიტყვა აშშ-ის სენატში:
ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 პრიორიტეტისკენ.
პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომლისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მეორე, ვიმუშავებ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათი ოცნების განხორციელებაში ევროკავშირში, NATO-სა და დასავლეთში მტკიცე ინტეგრაციის კუთხით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აშშ-ის ეროვნული ინტერესიცაა. ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთში, რომელსაც შეეძლება საკუთარი საზღვრების დაცვა და შეეძლება რუსეთის მავნე ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა შესანიშნავი პროგრესი, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი.
მესამე, მე გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის აშშ-ის ექსპორტების გაზრდით და საქართველოში ამერიკული კომპანიებისთვის შესაძლებლობების მიცემით.
ჩემი ბოლო პრიორიტეტი იქნება, მხარი დავუჭირო საქართველო სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ ფონზე, როცა რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს მისი [საქართველოს] ტერიტორიების 20%. ვიმუშავებ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რუსეთი ვაიძულოთ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და გაეროს ქარტიით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი დაასახელა.
დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
მანამდე, 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა პერიოდში, ის ამერიკის ელჩი იყო ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.
დანიგენი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ის ელჩი საქართველოში 2020 წლის იანვრიდანაა.