"არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!", - ამ სახელწოდებით ბანერი გადმოკიდეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და კინემატოგრაფისტებმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლის ხიდიდან.
კინემატოგრაფისტები აცხადებენ, რომ 12 ივლისს, 19:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
"დღეს, ცენზურის საფრთხე დღითიდღე უფრო და უფრო ღიად ემუქრება ხელოვნებას. სამთავრობო პოლიტიკა ცდილობს, ქართული თანამედროვე კინო პარტიის სამსახურში ჩააყენოს – შემოქმედებითი პროცესი მოაციოს ცენზურის ქვეშ, წაგვართვას წარმოსახვისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
დღეს, ხელოვნების არც ერთი სფერო აღარაა თავისუფალი ამ ზეწოლისგან. ამიტომ, ჩვენი ერთიანობით უნდა დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება – ცენზურის დარყმის შემდეგი ობიექტი ნებისმიერი ჩვენგანის საყვარელი ფილმი, წიგნი, ნახატი, სასწავლებელი ან ლექტორი, მუსიკა ან მუსიკოსი, თეატრი ან მსახიობი რომ არ აღმოჩნდეს.
თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროტესტის სხვადასხვა ფორმით ვაყენებთ ორ მოთხოვნას:
• შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
• შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი
12 ივლისს სრულდება კინოცენტრში მიმდინარე გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული რეორგანიზაცია და ცენზურის წინააღდეგ ჩვენი ბრძოლაც ახალ ეტაპზე გადადის", - აღნიშნულია კინემატოგრაფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
* * *
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება.