ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ჰეზბოლამ ლიბანის საზღვართან ახლოს, სადავო ტერიტორიაზე ისრაელის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც დაჯგუფების წარმომადგენლებმა Al Jazeera-სთან განაცხადეს, მათ შეტევისთვის საარტილერიო ჭურვები გამოიყენეს.
მას შემდეგ, რაც ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო, საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელმაც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებს, სადაც ჰეზბოლას პოზიციები აქვს გამაგრებული.
გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.