"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობები ჯიუტი და ტალღა არიან.
"მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ იცავს ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, ეს უნდა გააკეთოს ხალხმა, ანუ ჩვენ. უმცირესობის უფლებათა დაცვა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი. მოდი რუსთაველზე!", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.