3 მაისს, 21:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება აქცია სახელწოდებით "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!". აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა ჯიუტი პოლიციის მიერ ბანერების წართმევას და ამის გამო მოქალაქეების დაკავებას აპროტესტებს.
"30 მაისიდან მოყოლებული ჯიუტებს ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს ჯიუტის წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია - პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულები არიან ლაშა ჯანჯღავა, შოთა თუთბერიძე, ლევან ნიშნიანიძე, ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი.
უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ედუარდ მარიკაშვილს ცარიელი ფურცელი ეჭირა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.
მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.
ამის შემდეგ პარლამენტთან უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მისვლა.