ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებს.
კალაძის აზრით, ქართული ოცნების გამარჯვება ქვეყნის მომავალს სჭირდება. ამავე კონტექსტში, კალაძე ისევ რუსული პროპაგანდის გამოყენებით, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბრობს.
"კონფერენციებს გავაგრძელებთ. ხვალ ზუგდიდით ვიწყებთ... ქვეყნის მასშტაბით ყველგან ვაპირებთ წასვლას. პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადისს - 2024 წელი არის მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არის საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო მომზადებული შეხვდება ამ არჩევნებს.
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას, რადგან ეს გამარჯვება პირველ რიგში სჭირდება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ მომავალს, სჭირდება მშვიდობის შენარჩუნებას და იმას, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური განვითარება და არავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყანაში გაჩაღდეს მეორე ფრონტი, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს და ამით დაზიანდეს და დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა, დაზარალდეს ჩვეულებრივი მოქალაქეები. ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცემთ არავის", - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.