აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების საპასუხოდ ჩუბინაშვილის სახელობის კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ კულტურის სამინისტროს განცხადებაში მრავალი შეცდომა და უსაფუძვლო ბრალდებებია. ცენტრში აღნიშნავენ, რომ გამოთქმულ ბრალდებებზე უახლოეს დღეებში "დასაბუთებულ პასუხს" გაავრცელებენ.
"განცხადება შეიცავს მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა მიზანია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. დასანანია, რომ სამინისტრო ასეთი უკადრისი მეთოდებით ებრძვის მასზე დაქვემდებარებულ კვლევით ცენტრს, რომლის მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც", - აღნიშნულია კვლევითი ცენტრის განცხადებაში.
კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს. სამინისტროს განცხადებით, აუდიტმა ცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს ხარვეზები ადასტურებს "კონტროლის ნაკლოვანებასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას" და რომ ცენტრი არაერთი წელია "არაკომპეტენტურად იმართება".
კვლევით ცენტრში კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური გელათის მონასტერთან დაკავშირებული კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შევიდა. სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ აუდიტის ჩატარება კონტროლის დამყარებასა და სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევას ისახავს მიზნად.
გელათის შესახებ ჩუბინაშვილის ცენტრმა ანგარიში 30 იანვარს გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.
დოკუმენტში წერია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.
მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია მათი თხოვნით და "აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს".