
სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისთვის უცნობი იყო ეს მოვლენა და ამის შესახებ ინფორმაცია, სულ რამდენიმე კვირაა, მედიებით გაიგო.
"ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები და ნუ არაფერი, განვუმარტე, რაც იყო რეალობა - ჩემთვის უცნობი იყო ეს მოვლენა. მე ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, სულ რამდენიმე კვირაა, რაც გააქტიურდა ეს საკითხი. მანამდე, წარმოდგენა არ მქონდა", - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენება თუ არა მისი მხრიდან ჩვენება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რათა ბრალი წარუდგინონ, ის ამბობს: "არ ვიცი, რას გამოიყენებენ".
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ: ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.
***
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.
ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.
პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:
პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".