ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით თსუ-ში პროტესტი გრძელდება. პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე დღეა გრძელდება - სტუდენტები უნივერსიტეტის კანცელარიაში რჩებიან, ოთახის დაკავებით ისინი აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმეზე ადმინისტრაციის დუმილს აპროტესტებენ. ჩიქობავა სწორედ თსუ-ს პროფესორია.
პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, უნივერსიტეტმა დაკავებულების გათავისუფლების მოწოდებით განცხადება გაავრცელოს და განიხილოს უფრო რადიკალური ნაბიჯიც, რაც სასწავლო პროცესის შეჩერებას გულისხმობს.
23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.