ცხოვრებისეული არჩევანის მსგავსად, პოლიტიკური არჩევანიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს - როგორ ვიქნებით, როგორ მოგვექცევიან, რა ღირებულებებით ავივსებით, ვიქნებით მარტო, მიტოვებულები თუ ბედნიერი, წელში გამართული, ამაყი, დაფასებული, ანგარიშგასაწევი.
სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს არჩევანი, ადრე ადამიანს, რომელიც არჩევნებზე არ მიდიოდა, იდიოტს უწოდებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებდა რამხელა სიკეთეს კარგავდა დემოკრატიის მოსაპოვებლად. [..] უნდა გავახსენოთ ყველა პოლიტიკოსს - თქვენ უნდა ემსახუროთ ხალხს, რომელმაც განსაზღვრული და არა განუსაზღვრელი ვადით მოგცეს მანდატი. [..]
ჩვენ მოვითხოვთ, ახალ სამართლიან არჩევნებს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დაკარგული ხმისთვის, ჩვენი მმართველობისთვის, სამართლიანობისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რადგან არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია.
განაცხადა მსახიობმა, ზაალ ჩიქობავამ ახალი თეატრის მანიფესტის დროს.