
ჩეხეთმა დაახლოებით 60 წლის შემდეგ, რუსული ნავთობის მოხმარება სრულად შეწყვიტა.
ჩეხეთის პრემიერის პეტრ ფიალას თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა ისტორიაში პირველად მთლიანად არარუსული ნავთობით მარაგდება, რომლის მიწოდებაც სრულად დასავლური მარშრუტებით ხდება.
„დაახლოებით 60 წლის შემდეგ, ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ნავთობზე დასრულდა,“ - თქვა ჩეხეთის პრემიერმა ნავთობის საცავში, რომელიც პრაღიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩეხეთის მთავრობა ცდილობდა, შეეწყვიტა ნაწილობრივი დამოკიდებულება "დრუჟბას" მილსადენზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აწვდიდა რუსულ ნავთობს და ქვეყნის წლიური ნავთობის იმპორტის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა.
გასული წლის ბოლოს ჩეხურმა მილსადენის ოპერატორმა MERO-მ დაასრულა "ტრანსალპური" (TAL) მილსადენის განახლება, რომელიც ნავთობს ატარებს იტალიის პორტ ტრიესტიდან გერმანიაში, საიდანაც ის ასევე ამარაგებს ინგოლშტადტ-კრალუპი-ლიტვინოვის (IKL) მილსადენს ჩეხეთში".