ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს.
"ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო - იყო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია.
გააგრძელებენ თუ არა, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეტყობა მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა - საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც ერთ საბრძოლო მოქმედებას ვერ მოიგებს", - ამბობს ბჟანია.
ბჟანიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება "სამხედრო გზით" შეუძლებელია და ამასთან, ამბობს, რომ "მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს".
"ამ კუთხით, არანაირი მიზანი არ იქნება მიღწეული სამხედრო გზით. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს, კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ, მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს. ჩვენ გვინდა, ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში - ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ", - აღნიშნა მან.