თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირწმუნება, რომ შოვში, სტიქიის ზონაში "არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა" მეტი ვერტმფრენი ექნებოდა ქვეყანას, თუ არა.
ჟურნალისტების კითხვაზე, როდის ექნება ქვეყანას ახალი ვერტმფრენები, მან თქვა, რომ ვერტმფრენი შეკვეთილია.
"აქ [შოვში] ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, ის, რომ მეტი გვეყოლებოდა თუ არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და ვერტმფრენების შეკვეთიდან იწყება კონკრეტული ვერტმფრენის დამზადება. ახალი ვერტმფრენი ისეთი პროდუქტი არაა, რომ მიხვიდე სადმე იყიდო პირდაპირ. იღებენ შეკვეთას და იწყებენ დამზადებას"- თქვა ბურჭულაძემ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. ამ დროისთვის ოფიციალური მონცემებით სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
7 აგვისტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს.
****
ოცნება ჯერ კიდევ 2013 წელს აკრიტიკებდა წინა მთავრობას "არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვის" გამო და აცხადებდა, რომ "გადაწყვეტილი ჰქონდათ 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება".
2017 წლის 8 აგვისტოს მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ლიკვიდაცია ხმელეთიდან მოხდა.
ამ პერიოდში კვლავ განახლდა საუბარი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობისა და Super Puma-ს თვითმფრინავების გადაკეთების ან სამაშველო ვერტმფრენებში გადაცვლის შესახებ.
შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ავიაციის პილოტმა იოსებ არჯევანიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შსს გეგმავდა Super Puma ტიპის თვითმფრინავების გადაკეთებას და შესაბამისი ხელშეკრულება ევრო კოპტერთან დადეს. შსს ასევე აცხადებდა, რომ კომპანია ეარ ბასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ ერთ-ერთი Super Puma სამ სამაშველო ტიპის ვერტმფრენზე გადაეცვალათ.
2022 წლის 29 აგვისტოს კი გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის 8 წევრის დაღუპვის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ ისაუბრა დამატებითი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობაზე.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოცნება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" ვერტმფრენს გაყიდის და ამ თანხით 3 ახალ ვერტმფრენს შეიძენს.
პრემიერის განცხადებით, ამის თაობაზე გომელაურის უწყება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებშიც ფინანსთა სამინისტროც იღებს მონაწილეობას.
2023 წლის 4 აგვისტოს, რაჭაში მომხდარი სტიქიის მეორე დღეს თქვა, რომ სიცრუეა, რომ ხელისუფლებამ 1 წლის წინ ვერტმფრენების შეძენა გადაწყვიტა და არ შეიძინა.