ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებენ.
მისივე თქმით, უკან დახევას არ აპირებს და მის მიმართ შესაძლო პროვოკაციებს ელის.
გუჩმანიძე აღნიშნავს, რომ ბსუ-ის რექტორობის კანდიდატად რამდენიმე მიზეზის გამო დარეგისტრირდა, მათ შორის იმის გამოც, რომ უნივერსიტეტი ურთულეს მდგომარეობაშია და არის რისკი, გადაიქცეს პარტიულ სტრუქტურად, დაკარგოს აკადემიური და საგანმანათლებლო თავისუფლება, კრიტიკულად შემცირდეს ან საერთოდ განულდეს საერთაშორისო გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, გრანტები და სხვა.
როგორც თავად ამბობს, პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბსუ-ს კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმოს, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევალდ მიიღოს, წაშალოს პოსტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის ოჯახის წევრებს "პრობლემები შეექმნებათ".
"დღეს ჩემი პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დამიკავშირდნენ "კეთილისმყოფლები" და გადმომცეს: "ზევიდან" ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღო, პოსტები წაშალოო და ა.შ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გექნებაო, შენ ან შენო ოჯახის წევრებსო.
დღეს საღამომდე მომცეს ვადა გადაწყვეტილების მიღების. ხოდა დღეს საღამოს მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს: გელოდებით 21 იანვარს 14 საათზე რექტორის არჩევნებზე, ვთხოვ მედია საშუალებებს დეტალურად გააშუქეთ პროცესი, ლაივში გადაეცით კანდიდატების გამოსვლა. არჩევნების დასრულების შემდგომ მომეცით საშუალება, გავაკეთო კომენტარი, ბევრ საინტერესო რაღაცებს გიამბობთ.
ვთხოვ ყველა ბსუ-ელს, აკადემიურ პერსონალს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, უნივერსიტეტს ვკარგავთ! უნივერსიტეტს გვართმევენ!
ვფიქრობ, უახლოეს დღეებში პროვოკაციებს მომიწყობენ, ჩემთან მოდით მზად ვარ, ოჯახს თავი დაანებეთ.
მინდა გავაფრთხილო იცის "ვინც" - ჩემს ოჯახის რომელიმე წევრს, თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს... იცი ამას არავის არ შევარჩენ", - წერს გუჩმანიძე.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის - არჩილ გუჩმანიძე და ქართული ოცნების წევრი, ტიტე აროშიძე.
ბსუ-ს არჩევნები ფარული კენჭისყრით 21 იანვარს, 15:00 საათზე ჩატარდება. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. საბჭოში სულ 11 წევრია, შესაბამისად, კანდიდატმა მათგან მინიმუმ 6-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.