დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის, Chevening-ის სტიპენდიანტები ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის - ჩივნინგის (Chevening) სტიპენდიანტები, ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - ხელმეორედ ინიცირებას და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი გამოითხოვოს. კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და აფერხებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
შარშან, საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია აღნიშნული კანონპროექტის მიუღებლობის შესახებ, რადგან მიგვაჩნდა, რომ ის საფრთხეს შეუქმნიდა, არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ქართველი ხალხის მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვა. ამის გათვალისწინებით, შეშფოთებულები ვართ, რომ ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ქართულ საზოგადოებას ხელმეორედ უწევს რესურსების მიმართვა იმ კანონპროექტის მიღების შესაჩერებლად, რომელიც შარშანდელის ანალოგია და ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული პროცესების განვითარების საფრთხეს შეიცავს.
რუსული კანონის მიერ დადგენილი დეფინიცია, ფაქტობრივად შეზღუდავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც აფინანსებენ ქართველი სტუდენტების ევროპულ განათლებას და მეცნიერების საერთაშორისო თანამშრომლობას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების "უცხოურ" არამეგობრულ ძალად დაკანონება საფრთხეს უქმნის იმ სამოქალაქო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით ხელს უწყობენ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, სიღარიბის დაძლევას, ეხმარებიან ბავშვების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, მშრომელებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და პრობლემების გაშუქებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებს და ხელს უშლის ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას.
"გარდა ამისა, შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებს და ხელს უშლის ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას. კანონპროექტის დემოკრატიულ პრინციპებთან და ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის შესახებ განცხადებები ხელმეორედ გააკეთეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც.
ამრიგად, რუსული კანონის მიღებით, ქართული ოცნება ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს. რუსული კანონი არ არის ქართველი ხალხის ნება და ის გამოთხოვილი უნდა იყოს პარლამენტიდან!", - წერია განცხადებაში.
ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ, პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.