Fox News: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, 11 აგვისტოსთვის მზადდება

Fox News: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, 11 აგვისტოსთვის მზადდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შესაძლოა მომდევნო კვირას, კერძოდ, 11 აგვისტოს გაიმართოს.

ამ ინფორმაციას Fox News ავრცელებს და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.

"მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია", - წერს გამოცემა.

პარალელურად, რუსული პროპაგანდისტული მედია TASS წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შეხვედრა რომში არ გაიმართება.

7 აგვისტოს ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მანამდე, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის იდეა გამოთქვა, რომელსაც აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრებოდნენ, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს წინადადება მოსკოვმა უკომენტაროდ დატოვა.

"ჩვენ ვთავაზობთ, ძირითადად, ტრამპთან ორმხრივი შეხვედრისთვის მომზადებაზე გავამახვილოთ ყურადღება და მთავარია, ეს შეხვედრა წარმატებული და პროდუქტიული იყოს", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინის თანაშემწმემ.

The New York Times-მა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი გეგმავს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, რის შემდეგაც, გეგმის მიხედვით, სამი ქვეყნის ლიდერს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს აცნობა, რომლებმაც დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირეს.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პირველი იქნება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.