ბორის ჯონსონი თემთა პალატაში მანდატს ტოვებს

ბორის ჯონსონი თემთა პალატაში მანდატს ტოვებს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თემთა პალატის მანდატს ტოვებს. პარლამენტის დატოვების მიზეზი გახდა პრივილეგიების კომიტეტის მოხსენება, რომელიც ე.წ. Partygate-ს იძიებდა. საქმე ეხება კოვიდის ლოქდაუნის დროს დაუნინგ სტრიტზე გამართულ წვეულებებსა და შეკრებებს.

პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ჯონსონი თემთა პალატის წევრად რჩებოდა და ლონდონის ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენელი წლების განმავლობაში იყო. ახლა იქ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

მოხსენების ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯონსონმა გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით თემთა პალატა განზრახ შეიყვანა შეცდომაში. ჯონსონი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მოხსენების ავტორები პოლიტიკური მიკერძოებულები არიან. მისივე თქმით, გამოძიების მიზანი თავიდანვე იყო მისი ის დამნაშავედ გამოცხადება, ფაქტების მიუხედავად.

კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაში ჯონსონმა აღიარა, რომ პარლამენტი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა ეს არ იყო განზრახ გაკეთებული. მან ასევე აღიარა, რომ დაუნინგ სტრიტზე შეკრებების დროს სოციალური დისტანცია "იდეალური" არ ყოფილა, მაგრამ თქვა, რომ ეს "აუცილებელ" სამუშაო ღონისძიებებს წარმოადგენდა, რომელიც დაშვებული იყო.

თავის განცხადებაში, რომელშიც გადადგომაზე საუბრობს, ბორის ჯონსონი წერს: "მე არ მომიტყუებია და მჯერა, რომ კომიტეტმა გულის სიღრმეში ეს იცის".

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის მთავრობას 2019 წლიდან 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა.