რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბოლნისში გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 11პრიმა,109-ე მუხლის "თ", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.