ბოკუჩავა: ქართულ კოშმარად ქცეული ქართული ოცნება, წარსულს უნდა ჩავაბაროთ - გამარჯვება ჩვენია

არ მინდა დიდხანს ვილაპარაკო იმ 12-წლიან მმართველობაზე, იმ სიღატაკეზე, იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, იმ იძულებით ემიგრაციაზე, იმ კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე, სიღატაკეზე, რომელიც ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა. რატომ არ მინდა ვისაუბრო ივანიშვილის 12-წლიან მმართველობაზე - რადგან ივანიშვილი დღეს უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსულია, ხოლო თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. საქართველოს მომავალი თქვენია. დღეს, თქვენთან ერთად ჩვენ გვაქვს გამარჯვებული ხალხის, საქართველოს ევროპული მომავლის ზეიმი.

დღეს გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად. [ზეიმი] ევროპული მომავლის, სადაც ჩვენს მშობლებს ექნებათ ღირსეული სიბერე, სადაც შვილებს ექნებათ ლაღი ბავშვობა, სადაც ყველა ბავშვს ყველა საჯარო სკოლაში ექნება ხელმისაწვდომი უფასო კვება, სადაც პენსიონერებს აღარ დააწვებათ კაბალური საპენსიო სესხები, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს - ამას გპირდებით. გპირდებით მომავალს, სადაც ოჯახებს ბავშვის გაჩენის აღარ შეეშინდებათ სიღარიბის გამო, ოჯახები გაერთიანდებიან იძულებითი ემიგრაციიდან, ამისთვის ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ სააკაშვილის 1-მილიარდიან ფონდს, რათა თითოეულ ემიგრაციაში წასულ მოქალაქეს, ჰქონდეს ახალი მომავლის შანსი... ახალგაზრდებს მივცემთ წვდომას ევროპულ ფონდებზე, რათა მიიღონ განათლება ევროპაში, მაგრამ დაბრუნდნენ აქ, თავიანთ სამშობლოში, რათა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის მომავალი სადაც არ არის პოლიტიკური დევნა, სადაც არ არიან პოლიტიკური პატიმრები...

გამარჯვება თქვენი, გამარჯვება ჩვენია - 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ერთიანობით ვამარცხებთ ოცნებას. ვხედავ ივანიშვილის შეშინებულ თვალებს, აკვარიუმის მიღმა და შემდეგ გხედავთ თქვენ და ვრწმუნდები, რომ გამარჯვება თქვენია, გამარჯვება ჩვენია. ქართულ კოშმარად ქცეული ქართული ოცნება, წარსულს უნდა ჩავაბაროთ.

განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ კოალიციის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე.