კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ, სადაც ქვეყანაში გაძვირებულ ფასებზე ისაუბრეს.
ენმ-ის თავმჯდომარისა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტთან ხალხის უზარმაზარ რიგებს ქვეყანაში არსებული გაჭირვება იწვევს. ბოკუჩავას თქმითვე, საზოგადოება იძულებულია მედიკამენტების საყიდლად თურქეთში გადავიდეს.
"ვიმყოფებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სადაც არის უზარმაზარი რიგი, მაგრამ როგორც არაერთმა ადამიანმა გვითხრა დღეს, რომელსაც დღეს გავესაუბრეთ, როგორც წესი არის კიდევ უფრო დიდი რიგები, რასაც იწვევს გაჭირვება, სიღატაკე, სიდუხჭირე, რასაც ადამიანები ებრძვიან და იძულებულები არიან გადავიდნენ თურქეთში მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე.
იგივე ხდებოდა ცოტახნის წინ, როდესაც ვიყავი ვალეში, ახალციხეში, სადაც საზღვარზე უამრავი ადამიანი გადადის ელემენტარული პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად თურქეთში, რადგან საქართველოში არის ხელოვნურად გაზრდილი ფასები იმ მონოპოლიების გამო, რომელიც შექმნა ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ, სადაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ მასზე, მხოლოდ მის გარემოცვაზე"- თქვა მან.
ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ესაა შანსი, "უარი ვთქვათ სიღატაკეზე".
"ყველა ვისაც ვხვდებით გვეუბნებიან, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი ვთქვათ უარი ამ სიღატაკეზე, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკამ და მოვიპოვოთ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის რეალურად ის არჩევანი, რომელზეც ყველა საუბრობს, რომლებსაც აქვს ცვლილებების შანსი და რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ცვლილებები ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. არჩევანი არის ნათელი - ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და უარს ეტყვის იმ გაჭირვებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყველგან, სადაც ჩავდივართ"- თქვა ბოკუჩავამ.