აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინა უახლოეს კვირებში გეგმავს კონტრშეტევას.
"რუსეთი თავდაპირველად ცდილობდა, უკრაინა რუკიდან წაეშალა. ცდილობდა, შეეყვანა ის რუსეთის შემადგენლობაში და გაენადგურებინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მას არ გამოუვიდა, წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ვიცით, რომ უკრაინელები უახლოეს კვირებში გეგმავენ კონტრშეტევას. ვნახოთ, რა გამოვა. საბოლოო ჯამში, ბრძოლის ველზე წარმატება - ეს საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებებისკენ, რომლებიც სამართლიან და მყარ მშვიდობამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა მშვიდობის მიღწევის კუთხით ჩინეთის შესაძლო შუამავლობაზეც გააკეთა კომენტარი.
"ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის ვართ ღია, რომელიც საპასუხისმგებლო ძალისხმევას იღებს მშვიდობის მისაღწევად და ეს რამდენიმე საკითხით იწყება. უპირველეს ყოვლისა იმის აღიარებით, რომ საქმე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება, ამიტომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ეს საფუძვლად უნდა ედოს", - თქვა სახელმწიფო მდივანმა.