შაბათის ფორმულამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ქონება შეისწავლა.
დადგინდა, რომ ფარცხალაძე მხოლოდ საქართველოში 20-ზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს - მიწის ნაკვეთები, აგარაკები, კომერციული ფართები, ბიზნესები და კერძო ეკლესიას კი.
ფორმულას ცნობით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოში უკვე აღარ იმყოფება. ის მოსკოვში ჩაფრინდა.
"ჩემი ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული", - თქვა ფარცხალაძემ.
2013 წელს, როდესაც ფარცხალაძე გენერალური პროკურორი გახდა, მისი ქონება მხოლოდ ერთ სახლს შეადგენდა - ახლა მის საკუთრებაში ათეულობით სახლი და ბინაა. ფარცხალაძეების საკუთრებაშია ახალაშენებული აგარაკიც. ყოფილი პროკურორი ამ სახლს 280 000 დოლარად ყიდის.
ყოფილ მთავარ პროკურორს ბიზნესები მოსკოვშიც აქვს - ის ყიდვა, გაყიდვით და გაქირავებითაა დაკავებული და კომერციულ ფართს ვაკეშიც აქირავებს. მის საკუთრებაშია ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 130 კვადრატული მეტრის ბინა, ჭავჭავაძის 82 ნომერში კი კიდევ ერთ ბინას არემონტებს. მის სახელზე იძებნება ბინა ჯანაშიას ქუჩაზეც, ამ კორპუსში 150 კვადრატულ მეტრს ფლობს, ხოლო მგალობლიშვილის ქუჩაზე 77 კვ.მ-ს.