"ბიძინა რა შუაშია, საერთოდ დაბნელებული გაქვთ თვალები, ბიძინა რა შუაშია? კანონზე ვსაუბრობთ", - ასე მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს კომიტეტზე, სადაც ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო განიხილებოდა.
დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ოფშორების კანონი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აყენებს რეპუტაციულ ზიანს, არამედ, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ ქვეყანა "შავი ფულის გასარეცხ ადგილას" იქცეს.
საპასუხოდ, კვიჟინაძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია პროცესში დესტრუქციის შეტანას ცდილობს და ისევე როგორც რუსულ კანონზე, ამ შემთხვევაშიც "არაფერი აქვთ სათქმელი".
კვიჟინაძის ამ რეპლიკას დეკანოიძემ ასე უპასუხა:
"იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მასონების მმართველობის სჯერა და გლობალური ომის პარტიას მასონებს ადარებს, მე არაფერი არ მწყინს".
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს. საკითხს საბოლოოდ კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო. მან პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში ის მიუთითებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება დაჩქარებული წესით, განხილვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მიიღონ. ის ამბობს, რომ ფორმა, როგორც და როდესაც იქნა განხილული და მიღებული ეს კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია.
ასევე, მოტივირებულ შენიშვნებში ის ამბობს, რომ სამართლიან კრიტიკას იმსახურებს კანონის შინაარსი და ცვლილებებით იქმნება გაუმართლებელი არათანაბარი, დისკრიმინაციული გარემო. ის აცხადებს, რომ ცვლილებებმა დარგის არაერთი ექსპერტის და სპეციალისტის სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.
მოტივირებულ შენიშვნებში მას მოყვანილი ჰყავს დარგის ექსპერტების შეფასება, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რამე თუ გამჭვირვალობა და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნაა.
***
პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:
ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.